ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
30 ნოემბერი 2021საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განმვითარებას აგრძელებს. მოცემულ ეტაპზე, იწყება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.
პროექტი ითვალისწინებს 16.6 კილომეტრი სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). შესაბამისად, ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა. ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა წნორის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს წნორის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.
წნორის შემოვლით გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „China Road and Bridge Corporation“ ააშენებს. მშენებლობის დასრულების ვადა 2 წელია.
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარე წლის ივლისში გახსნილი ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15 კმ-იან მონაკვეთის - გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობით დაიწყო, რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ უწევს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე 6 სოფელში გავლა.
ამასთან, უკვე დასრულდა ტენდერები კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზეც. თბილის-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გზის პროექტირების სამუშაოები კი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას. ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა და მისი მშენებლობის შედეგად, მგზავრობის დრო კახეთის მიმართულებით განახევრდება.
მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ადგილობრივ კომპანიებს მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება. შედეგად, სამიდან 1 ლოტს ქართული კომპანია ააშენებს.
კახეთისთვის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კარგად განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმაში კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას საერთო ჯამში, 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია მოხმარდება.